უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ 25 ივნისს მიანიშნა, რომ ”ზოგიერთი პარტნიორი” ყოყმანობს სუამის ფარგლებში ერთობლივი სამშვიდობო კონტინგენტის შექმნასთან დაკავშირებით.
ეს საკითხი 18-19 ივნისს ბაქოში სუამის წევრი სახელმწიფოების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ლიდერთა სამიტის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა.
”არიან პარტნიორები, რომლებიც – არ ვიტყოდი, რომ უარზე არიან – თუმცა სხვანაირად განიხილავენ ამ საკითხს. მაგრამ არა უშავს, ჩვენ მთელ რიგ კონსულტაციებს გავმართავთ, რათა უკეთესად გავუგოთ ერთმანეთს,” – განაცხადა იუშჩენკომ, თუმცა კონკრეტული ქვეყნის დასახელებისგან თავი შეიკავა.
სტამბოლში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც იუშჩენკო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”საუკეთესო გზა” პოსტ-საბჭოთა სივრცეში სეპარატისტული კონფლიქტების მოსაგვარებლად იქნება იმ ქვეყნების მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში, ”რომელთაც ურთიერთნდობა აქვთ და სუამის მსგავსი რეგიონალური სტრუქტურების წევრები არიან”.
”ჩემი აზრით, იმ ტიპის სამშვიდობო კონტინგენტის ჩამოყალიბება, რომელიც გაეროს ან ეუთოს მანდატით იმოქმედებს, პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,” – დასძინა იუშჩენკომ.