დავითაშვილი ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს
ოპოზიციური პარტია ”ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი 2008 წლის შემოდგომის არჩევნებამდე 1,5 წლით ადრე ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
”მე მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ პარტიას, საპარლამენტო იქნება თუ არასაპარლამენტო, გვერდზე გადავდოთ ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, პიროვნული ამბიციები და შევძლოთ თუნდაც ერთხელ ქვეყნის საკეთილდღეოდ გაერთიანება, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა თემაზე,” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობა დავითაშვილმა.
მისი თქმით, გაერთიანების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს წინასწარი არჩევნები ან სოციოლოგიური გამოკითხვა და დადგინდეს პარტიათა რეიტინგები.
”ვინც იქნება ყველაზე რეიტინგული, ის პარტია საარჩევნო სიებში იყოს ნომერი პირველი, შემდეგ ნომერი მეორე და ა.შ, ამ პრინციპით განაწილდეს ადგილები,” – დასძინა კობა დავითაშვილმა.
არსებული კანონმდებლობა მომავალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს პრინციპით ”მოგებულს ყველაფერი რჩება”, რაც ხელისუფლების რეიტინგულობის პირობებში ოპოზიციას წარმატების შანსს მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში უტოვებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)