ევროკავშირი მიესალმება თბილისის ”ყოვლისმომცველ” მცდელობებს სამხრეთ ოსეთში

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის მცდელობას  ”ყოვლისმომცველ საკონსულტაციო პროცესში” ჩაერთოს სამხრეთ ოსეთში არსებულ ყველა ძალასთან, განაცხადა ევროკავშირმა 14 ივნისს ვენაში ეუთოს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოთქმული თეზისების საპასუხოდ.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განუცხადა ეუთოს მუდმივ საბჭოს, რომ დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნა სამხრეთ ოსეთში –  რომელიც მან მოიხსენია, როგორც მოძრაობა ”სამხრეთ ოსეთის ხალხი მშვიდობისთვის” – არის ”ახალი რეალობის სიმბოლო”.


ევროკავშირმა იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ”და ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალა კონსტრუქციულად და ასევე დიალოგისა და კომპრომისის სულისკვეთებით ჩაერთვება კონფლიქტის მოგვარების პროცესში”. 


”ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის შეთავაზებას სამხრეთ ოსეთის საზოგადოებისადმი – ანუ ყველა პოლიტიკური ძალისა და ადგილობრივი ჯგუფისადმი  – აქტიური მონაწილეობა მიიღონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე განხილვებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

”ევროკავშირი ყოვლისმომცველ საკონსულტაციო პროცესს, რომელიც ღია იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მიიჩნევს კონფლიქტის მოგვარების მთავარ პრინციპად,”-აცხადებს ევროკავშირი.


თუმცა, განცხადების თანახმად, ეს ყოვლისმომცველი პროცესი ”მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ საკმარისი დრო იქნება და თუ მას  ნდობის აღდგენის კონკრეტული ღონისძიებები მოჰყვება”.


”ამასთან მიმართებაში, ჩვენ გვინდა მეტი ვიცოდეთ იმ პროგრესის თაობაზე, რომელიც დიალოგის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში იქნება მიღწეული,”- აცხადებს ევროკავშირი.  


განცხადება ასევე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩატარებაზე.


ამასთან, ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს ”შეასრულონ არსებული შეთანხმებები”, მათ შორის დემილიტარიზაციის თაობაზე.


განცხადების თანახმად, ევროკავშირი მზად არის ”თავისი წვლილი შეიტანოს, მათ შორის ევროკავშირის მექანიზმების გამოყენების გზით, რათა ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს”.  
           

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version