ახალი ამბები

HRW სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის ასაკის შემცირებას აკრიტიკებს

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის 14-დან 12 წლამდე შემცირებით, ”საქართველო საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების წინააღმდეგ წავიდა,” – განაცხადა  ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 11 ივნისს.


სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ახალი, შემცირებული ასაკი ძალაში 2008 წლის ივლისში შევა. გასამართლების შემთხვევაში, მოზარდებს ზრდასრულების ანალოგიური სასჯელი ელით, მაგრამ სასჯელს ისინი ცალკე დაწესებულებაში მოიხდიან. თუმცა ამგვარი დაწესებულებები ჯერ არ აშენებულა  საქართველოში.


Human Rights Watch-ის განცხადებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოზარდების გასამართლებამ მოაგვაროს მათი დანაშაულის პრობლემა.


”პირიქით, ამ სასჯელის გამოყენება კიდევ უფრო გაამწვავებს პრობლემას, რადგანაც საქართველოში ამჟამად არ არსებობს მოზარდთა ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც შეძლებს მოზარდ დამნაშავეთა განათლებას, რეინტეგრაციას და რეაბილიტაციას,”- აცხადებს  Human Rights Watch.


”ნაცვლად მხოლოდ გასამართლებისა და კანონსაწინააღმდეგოდ ბავშვების იზოლირებისა, სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშავონ ალტერნატიული ვარიანტები,” – განაცხადა Human Rights Watch-ის დირექტორმა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჰოლი კარტნერმა.


”სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის შემცირებით, საქართველო რისკავს უფრო მეტი ბავშვი ჩასვას ციხეებში, შესაძლოა უფრო დიდი პერიოდითაც… ეს კიდევ უფრო აღრმავებს შეშფოთების საფუძველს, რადგანაც ციხეების გადატვირთვა ისედაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში,” – დასძენს კარტნერმა.


2007 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ზოგად კომენტარებში ბავშვთა უფლებების საკითხებში გაეროს კომიტეტმა განაცხადა, რომ ”მინიმალური ასაკის 12 წლამდე განსაზღვრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის მიიჩნევა კომიტეტის მიერ, როგორც საერთაშორისო დონეზე მიუღებელი”.


კომიტეტმა, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოთა მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის განხორციელებას, განაცხადა, რომ ”მისაღებია” უფრო მაღალი ასაკი – 14 ან 16 წელი.         

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button