საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 14 ივნისს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე გამოსვლისას ალიანსს ავღანეთში ქართული სპეცდანიშნულების ნაწილების გაგზავნა შესთავაზა.
ბრიუსელში ვიზიტის დროს თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ჯონ კოლსტონს და ბულგარეთის თავდაცვის მინისტრს ვესელინ ბლიზნაკოვს.
”ავღანეთი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია მსოფლიოსა და ნატოსთვის. ჩვენი მხრიდან გარკვეული დანაყოფის გაგზავნა შევთავაზეთ ალიანსს,” – იუწყება თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.
მინისტრის მოადგილის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, საქართველო მზადაა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები გააგზავნოს იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება და სადაც ოპერაცია მოითხოვს.
”ეს არის ჩვენი შეთავაზება ნატოსთვის. საქართველო სხვა ტიპის ქვედანაყოფებსაც სთავაზობს, რომელიც დაკომპლექტებულია იმ სამხედროებით, ვისაც გამოცდილება ერაყში აქვს მიღებული,” – განაცხადა ქუთელიამ.
საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტი უკვე მსახურობს ერაყსა და კოსოვოში. ავღანეთში, ნატოს მისიაში 100-მდე სამხედროს გაგზავნის შესახებ პირველად საქართველოს პრეზიდნეტმა მიხეილ სააკაშვილმა მარტში განაცხადა.