მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციაზე კანონპროექტი მომზადდა

საქართველოს ხელისუფლება 1944 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან იძულებით გადასახლებული მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პროცესის დაწყებას 2008 წლიდან გეგმავს.

ამ საკითხს არეგულირებს კანონპროექტი, რომელიც მმართველი ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მომზადდა. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მაჰმადიან მესხთა დაბრუნება ქვეყანას, სადაც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების პრობლემა მოუგვარებელია, დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

ეს იყო ის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება დღემდე აჭიანურებდა 1999 წელს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების შესრულების დაწყებას. ამ ვალდებულების მიხედვით მაჰმადიან მესხთა რეპატრიაცია 2011 წლამდე უნდა განხორციელდეს.


თუმცა საკითხი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულების გარდა, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციასაც უკავშირდება.


”ნატოში ინტეგრაციის თემა ამ საკითხის სწრაფად განხილვის ერთ-ერთი კატალიზატორი გახდა. ეს ასევე არის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება, რომელიც დარჩენილია ევროპის საბჭოს წინაშე და ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რათა ქვეყანა ევროპის საბჭოს მონიტორინგიდან მოიხსნას,”- განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.
 
1944 წელს საბჭოთა რეჟიმმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან 20 ათასამდე მაჰმადიანი ოჯახი უზბეკეთში გადაასახლა. მოგვიანებით მათი ნაწილი ყირგიზეთში, ყაზახეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში და უკრაინაში დასახლდა.


კანონპროექტის მიზანია მაჰმადიანი მესხების ”ღირსეული და ნებაყოფლობითი” დაბრუნება  და ამ პროცესისთვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნა.


დოკუმენტით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებმაც შეიძლება ისარგებლონ რეპატრიაციის უფლებით: 1944 წელს საბჭოთა რეჟიმის დადგენილების საფუძველზე გადასახლებულებმა, მათმა მეუღლეებმა, შვილებმა, შვილიშვილებმა და ოჯახის წევრებმა.


კანონპროექტი პოტენციურ რეპატრიანტს საქართველოში დასაბრუნებლად განაცხადის წარდგენისათვის 1 წლის ვადას აძლევს.

მხოლოდ 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე შეეძლება რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირს მიმართოს განაცხადით საქართველოს საკონსულოებს იმ ქვეყანაში, სადაც ის ცხოვრობს ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.


”ამ კანონის მიღების შემდეგ ერთი წლის ვადა სწორედ იმისთვის არის, რომ ყველამ ვიცოდეთ რამდენმა ადამიანმა გამოთქვა დაბრუნების სურვილი, რათა აქედან გამომდინარე დავგეგმოთ რაციონალურად და გონივრულად ჩვენი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე ამ აპლიკაციების განხილვის ტემპი,”- განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.


განაცხადში სავალდებულოდ წარსადგენ დოკუმენტებს შორისაა გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა ნასამართლეობის შესახებ.


იმავდროულად, სახელმწიფო არანაირ ქონებრივ და ფინანსურ ვალდებულებას არ იღებს რეპატრიანტთა მიმართ.
 
”დღევანდელი მდგომარეობით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთი სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია არ აპირებს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს რეპატრიანტებს,”- აცხადებს პავლე კუბლაშვილი.


კანონპროექტის თანახმად, რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების პროცესს ადმინისტრირებას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უწევს, თუმცა ამ პროცესში სავალდებულო რეკომენდაციის უფლებით სარგებლობენ შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები. სწორედ ამ უწყებების ინფორმაციისა და ანალიზის საფუძველზე იღებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სტატუსის მინიჭებისა ან მასზე უარის თქმის გადაწყვეტილებას.
 
კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მიენიჭება პირს რეპარტიანტის სტატუსი და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების უფლება, კანონპროექტი არ განსაზღვრავს.


კანონპროექტი არ არეგულირებს მაჰმადიან მესხთა განსახლების საკითხებსაც.


”ეს საკითხი დაკავშირებულია საქართველოს ერთ-ერთ საზღვრისპირა რეგიონში, მესხეთში დემოგრაფიული ბალანსის შეცვლასთან.  ჩვენ ვაფასებთ ამ კანონპროექტის შემოტანას, როგორც საფრთხეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,”- განაცხადა 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსერვატორმა კახა კუკავამ. 
 
თუმცა გიგა ბოკერია აცხადებს, რომ კომპაქტური დასახლების არანაირ ვალდებულებას საქართველოს ხელისუფლება არ იღებს და ”ვერც აიღებს. აქ საუბარია მხოლოდ მოქალაქეობის აპლიკაციის განხილვაზე. მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი პირი სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომელიც აქვს ჩვენს მოქალაქეებს”.

კანონპროეტის მიღების კატეგორიული წინააღმდეგია კონსერვატიული პარტია, თუმცა პარლამენტში მათი თანაფრაქციელები რესპუბლიკური პარტიიდან რეპატრიაციის პროცესს ემხრობიან, მაგრამ ხელისუფლებას ამ საკითხში აჩქარებას არ ურჩევენ. კანონპროექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირეს ლეიბორისტებმაც.


თუმცა უმრავლესობის ლიდერთა განცხადებით, კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან.


”საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ ინტერპრეტაციას უკეთებს ამა თუ იმ ვალდებულებას. ამ გზით, რასაც ჩვენ ახლა ვთავაზობთ, შეგვიძლია ყველა ჩვენი ამოცანა შევასრულოთ ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას არცერთ საკითხში საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს,”-   განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Exit mobile version