ბაღაფში გაეროს მეგობართა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ თბილისთან დიალოგზე კვლავ უარზეა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 8 ივნისს სოხუმში საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის დიპლომატიურ წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთა ვიზიტის მთავარი მიზანი თბილისთან დიალოგის აღდგენაზე აფხაზური მხარის პოზიციის გარკვევა იყო.


ოფიციალურმა თბილისმა მეგობართა ჯგუფს დიალოგის აღდგენაში შუამავლობა ცოტა ხნის წინ თხოვა.


დიპლომატების დელეგაციამ, რომელშიც შედიოდნენ გერმანიისა და რუსეთის ელჩები პატრისია ფლორი და ვიაჩესლავ კოვალენკო, ასევე დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და აშშ-ს ელჩების მოადგილეები, შესთავაზა აფხაზურ მხარეს მოლაპარაკებათა პროცესის განახლება. ასევე ბაღაფში-სააკაშვილის მაღალი დონის შეხვედრის გამართვა.


თუმცა სერგეი ბაღაფშმა ”ერთმნიშვნელოვნად” განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


”რა უნდა იყოს ბაღაფშისა და სააკაშვილის შეხვედრის შედეგები? სააკაშვილისთვის ეს იქნება პიარი. და ჩვენ რას მოგვიტანს ეს? ჩვენ მზად ვართ თანხმობა განვაცხადოთ ასეთ შეხვედრაზე, თუ ხელი მოეწერება შეთანხმებას სამხედრო მოქმედებების განუახლებლობის თაობაზე და მოიხსნება ეკონომიკური სანქციები,”- განუცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ”აფსნიპრესს”.


მისი თქმით, თუ სოხუმი თბილისთან მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა, ”ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი შეეგუა საქართველოს მიერ საბაზო შეთანხმებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევას”. 


აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ კოდორის ხეობის პრობლემების მოგვარებამდე და გალის ადმინისტრაციის წარმომადგენლის დავით სიგუას გათავისუფლებამდე, რომლის გატაცებასაც სოხუმი თბილისს აბრალებს, არ აპირებს საქართველოსთან მოლაპარაკებების გამართვას.


”როგორც კი საქართველო გაიყვანს თავის ძალებს და ე.წ. დევნილ მთავრობას კოდორის ხეობიდან, აფხაზეთი მზად იქნება დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. ”- განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


დიპლომატებთან შეხვედრაზე მან ქართულ მხარეს არსებული შეთანხმებების დარღვევაში კიდევ ერთხელ დასდო ბრალი და მორიგი  ”პროვოკაცია” უწოდა აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვარზე განმუხურის პატრიოტთა ბანაკის განთავსებას.


პატრიოტთა ბანაკი განმუხურში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მაისს გახსნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version