ფინანსთა მინისტრი საგადასახადო კოდექსის პროექტში შეღავათებზე საუბრობს

ფინანსთა მინისტრის ლექსო ალექსიშვილის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ნაცვლად 25%-ისა, საშემოსავლო გადასახადის სახით 12%-ს გადაიხდიან ის იურიდიული პირები, რომლებიც დღეს სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლებულები არიან. ეს შეღავათიანი რეჟიმი სამი წლის განმავლობაში, 2011 წლამდე იმოქმედებს.


”მაგალითად დიპლომატიურ დაწესებულებებში ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დღესდღეობით იხდიან მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს, ისინი მომავალი სამი წლის განმავლობაში გადაიხდიან 12%-იან საშემოსავლო გადასახადს და არა მეტს. ასევეა არასამთავრობო ორგანიზაციებზეც,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 8 ივნისს პარლამენტში საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს.


საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 8 ივნისს 108 ხმით 4-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო. ინიციატივა ითვალისწინებს 20%-იანი სოციალური გადასახადის გაუქმებას, რომელსაც ამჟამად დამქირავებელი იხდის და მის ნაცვლად გაზრდილი საშემოსავლო გადასახადის დაწესებას, რის შედეგადაც დაქირავებულებს ახლანდელი 12%-ის ნაცვლად 25%-ის გადახდა მოუწევთ. ასევე მოგების გადასახადი 20%-დან 15%-მდე მცირდება.


 

Exit mobile version