სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული წყლის კრიზისი ქართული და ოსური მხარეების მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით უნდა მოგვარდეს, განაცხადა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 6 ივნისს.
ცხინვალი უკვე ცამეტი დღეა წყლის გარეშე რჩება. ახლომდებარე ქართული სოფლებიც იგივე მდგომარეობაში არიან. მოსკოვმა და ცხინვალმა თბილისი დაადანაშაულეს წყლის კრიზისის ესკალაციაში; თუმცა, ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ პრობლემა გამოიწვია სამხრეთ ოსური მხარის უარმა ეთანამშრომლა წყალსადენის რეაბილიტაციის საქმეში.
”ეს ჰუმანიტარული პრობლემაა. არაჰუმანურია დატოვო ხალხი – ვგულისხმობ ქართველებსაც და ოსებსაც – წყლის გარეშე ასეთ სიცხეში… ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარება დაეხმარება მხარეებს ნდობის გაზრდაში,” – განუცხადა კოვალენკომ ქართველ ჟურნალისტებს ბათუმში.
მან ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის ორი მხარე არსებობს – ცხინვალი და თბილისი; ამით მან კიდევ ერთხელ მიანიშნა მოსკოვის ნეგატიურ პოზიციაზე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მიმართ.
”ამ ორმა მხარემ უნდა მოაგვაროს უთანხმოება მოლაპარაკებების გზით,” – დასძინა მან.
დღესვე თბილისში რუსეთის მხარის წარმომადგენელი შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვი ჩამოდის. იგი რეგიონში არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით თბილისში და ცხინვალში შეხვედრების გამართვას გეგმავს.