ნატო-ს შტაბ-ბინაში თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის (SDR) დოკუმენტის სრული ვერსია წარადგინა 5 ივნისს 26+1 ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა დოკუმენტთან დაკავშირებით რჩევები და რეკომენდაციები წარმოადგინეს, რისი გათვალისწინების შემდეგ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს საბოლოო სახე მიეცემა და დამტკიცდება.
სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავება ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმითაა (IPAP) გათვალისწინებული. სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, რომელიც 2004 წლის სექტემბრიდან დაიწყო, შემუშავდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, ეროვნული სამხედრო სტრატეგია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და მინისტრის ხედვა.