სააკაშვილი: ნურავინ შეეცდება პროვოკაციები მოგვიწყოს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველო შეძლებს ყველა პრობლემის მოგვარებას და მშვიდობის დამყარებას.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ღირსების ორდენებით დააჯილდოვა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მშენებლობაზე მომუშავე პერსონალი და გამბედაობისა და თავდაუზოგავი შრომისთვის მათ მადლობა გადაუხადა.


მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ცხინვალსა და ცხინვალის გარშემო მშენებლობა კვლავაც გაგრძელდება.


”ჩვენ ავაშენებთ საბავშვო ბაღებს, საავადმყოფიებს, გზებს, სუპერმარკეტებს, კინოთეატრებს, დისკოტეკებს, საცურაო აუზებს, სკოლებს და სხვა ობიექტებს. კრიმინალები გვიყენებენ სხვადასხვა ულტიმატუმს, ვადას დღევანდელ დღემდე, 31 მაისამდე გვაძლევდნენ და ამბობდნენ, რომ 1 ივნისიდან ჩვენს საწინააღმდეგოდ დაიწყებდნენ მოქმედებას. თუმცა ისინი ვერაფერს ვერ გახდებიან, რადგან არაფრის თავი არა აქვთ. თქვენნაირ ხალხთან ერთად ჩვენ მშვიდობას დავამყარებთ და ხალხს ნორმალური განვითარების საშუალებას მივცემთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.


”ნურავინ ნუ შეეცდება რაიმე აგვირიოს და პროვოკაციები მოგვიწყოს. საქართველო ის ქვეყანა აღარ არის, როგორიც მათ წარმოუდგენიათ. უწინარეს ყოვლისა, საქართველო თქვენნაირი ხალხით დასახლებული ქვეყანაა და ვერც ეთნიკურ ქართველებს და ვერც ეთნიკურ ოსებს – ჩვენთვის ისინი ყველანი ჩვენი მოქალაქეები არიან – პრობლემებს ვერავინ ვეღარ შეუქმნის. დაწყებულ საქმეს კი ბოლომდე მივიყვანთ,” – დასძინა პრეზიდენტმა.

Exit mobile version