21 მაისს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნიდერლანდების ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოუთ ველინკი ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები თავის ქართველ კოლეგასთან რომან გოცირიძესთან და პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და ნიდერლანდების საბანკო სისტემებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების და სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფარგლებში ურთიერთობების საკითხები.
საქართველო შედის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების ჯგუფში, სადაც სწორედ ეს ქვეყანა იცავს საქართველოს ინტერესებს.
ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს ხანებში თბილისს სამუშაო ვიზიტით ასევე სავალუტო ფონდის მისია ეწვევა.
”სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში დარჩენილია ბოლო ტრანში, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც საქართველო, დარწმუნებული ვარ, სირთულის გარეშე მიიღებს,“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ ჰოლანდიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.