ოპოზიცია საშემოსავლო გადასახადის თვითმმართველობებისაგან ჩამოცილებას აპროტესტებს

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციამ გააკრიტიკა პრეზიდენტის ინიციატივა საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ნაცვლად  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე.


მოქმედი წესით, ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირება საშემოსავლო, ქონების გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლებით ხდება იმ ტრანფერებთან ერთად, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტი გამოყოფს მათთვის.


ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტით, რომელიც რიგგარეშე რეჟიმში პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა, თვითმმართველობის ორგანოები კარგავენ ფინანსურ დამოუკიდებლობას, რაც ”თვითმმართველობის იდეას ძირს უთხრის” და არის ”დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი”.


”ძლიერი თვითმმართველობების საკუთარი შემოსავლების დიდი ნაწილი მას შორდება… როგორც კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გაცემული თანხა იქნება ადგილობრივი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, ეს რეალურად ნიშნავს ცენტრალიზებულ მმართველობას და არანაირი თვითმმართველობა იქ არ არის,”- განაცხადა რესპუბლიკელმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა.  


თუმცა მმართველი პარტიიდან დეპუტატების განცხადებით, საშემოსავლო გადასახადის ცენტრალურ ბიუჯეტში გადატანა არ აისახება ადგილობრივი ბიუჯეტების ოდენობაზე, რადგან დამატებითი ტრანსფერები ცენტრალური ბიუჯეტიდან კომპენსაციის მიზნით გამოიყოფა ისე, რომ არ დაზარალდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები.


”ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ თვითმმართველობები მიიღებენ მეტ ფულს, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით გადაანაწილებენ ხარჯებში,”- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე. 


ეს კანონპროექტი ვრცელდება ყველა თვითმმართველ ერთეულზე, მათ შორის თბილისზეც, თუმცა ცვლილება ამოქმედდება 2008 წლიდან და არ შეეხება მიმდინარე ფისკალურ წელს. კანონპროექტი არ შეეხება ავტონომიურ რესპუბლიკებს.


ამ ცვლილებების პარალელურად 2008 წლიდან ასევე გათვალისწინებულია სოციალური და საშემოსავლო გადასახადების გაერთიანება, რის გამოც ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც გარდაუვალი იქნებოდა. გარდა ამისა, დეპუტატებმა აღნიშნეს ისიც, რომ საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირებაში თვითმმართველობის ორგანოებს პრობლემები ჰქონდათ.


 

Exit mobile version