საქართველოს პრეზიდენტი კოკოითს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და კონფლიქტის ზონაში გზების დაუყოვნებლივ გახსნას  მოითხოვს.


ამის შესახებ პრეზიდენტმა 14 მაისს დიდი ლიახვის ხეობაში ადგილობრივი პოლიციის ქვედანაყოფის მონახულების დროს განაცხადა. სამი დღის წინ კონფლიქტის ზონაში სროლების შედეგად ამ ქვედანაყოფის ერთი პოლიციელი დაიჭრა.


”ცხინვალის ადგილობრივ მოსახლეობაზე ზემოქმედება უნდა შეწყდეს – უნდა გაიხსნას გზები და ხალხს პროდუქტების შეტანის, მოძრაობის, ცხოვრებისა და ადამიანური არსებობის საშუალება მისცენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მხრივ არსებული პრობლემები მოგვარდეს და აქაურ მოსახლეობას არც უსაფრთხოების და არც ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისით, არავითარი პრობლემა არ შეექმნას,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


კოკოითმა 11 მაისიდან ქართული სოფლებისკენ მიმავალი გზების ბლოკირების ბრძანება გასცა. მისი განცხადებით, გზები მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც თბილისი თავის ძალებს გაიყვანს კონფლიქტის ზონიდან და დიმიტრი სანაკოევის ”მარიონეტულ მთავრობას” დაითხოვს.


”რაც შეეხება კოკოითს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მსგავსი პრობლემების შექმნა, რადგან მის მიმართ ენის მოჩლექვის სურვილი არ გვაქვს. ეს არც განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს. ამიტომ დროა ყველა გონს მოეგოს!” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version