ბეჟუაშვილი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს

14-16 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც შეხვედრებს გამართავს  ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის გენერალურ მდივანთან ხავიერ სოლანასთან, ევროკომისართან საგარეო ურთიერთობებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის დარგში ბენიტა ფერერო-ვალდნერთან და ასევე ნატოს გენერალურ მდივანთან იაფ დე ჰოოპ სხეფერთან.


საგარეო უწყების ცნობით, 14 მაისს დაგეგმილია გელა ბეჟუაშვილის შეხვედრები ბერძენ, ჰოლანდიელ და რუმინელ კოლეგებთან. იგი ასევე შეხვდება ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ესპანეთის  საგარეო საქმეთა მინისტრს მიგელ ანხელ მორატინოსს.


იმავე დღეს, დაგეგმილია ფორუმი თემაზე ”საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგი: გზა ევროპისკენ”, რომელიც ევროპული პოლიტიკის ცენტრის ორგანიზებით ტარდება და სადაც სიტყვით გამოვლენ გელა ბეჟუაშვილი და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები.


ვიზიტის ბოლო ნაწილი მთლიანად დაეთმობა ნატოს შტაბბინაში შეხვედრებს, სადაც 16 მაისს გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 26+1 ფორმატში. ამ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე  სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version