კონტროლის პალატის ახალი თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან ჭოლაძე გახდა. მის ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადით არჩევას დღეს პარლამენტმა 115 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ახალ თავმჯდომარეს ეძლევა 1 თვის ვადა, რათა მან წარმოადგინოს კონტროლის პალატის რეფორმირების გეგმა.
”დიდი პატივი და გამოწვევაა ვემსახურო ჩემს ქვეყანას ამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე,”- განაცხადა არჩევის შემდეგ ჭოლაძემ.
ლევან ჭოლაძე ამ თანამდებობაზე ნინო ბურჯანაძემ 7 მაისს წარადგინა მას შემდეგ, რაც შესაძლო კანდიდატების ირგვლივ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მართავდა კონსულტაციებს თანაგუნდელებთან.
კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტი მარტიდან ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ სოსელიას გარდაცვალების შემდეგ ვაკანტური იყო.