ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლება გზებს კეტავს

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება 11 მაისიდან ჩაკეტონ ქართული სოფლებისკენ მიმავალი გზები.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქართული მხარის და მისი ”მარიონეტული მთავრობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაციების თავიდან აცილებას.


სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებით, თბილისმა ცოტა ხნის წინ გაზარდა რეგიონში თავისი საპოლიციო ძალების რაოდენობა. ქართველი პოლიციელები კეტავენ გზებს და აიძულებენ ცხინვალის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ქართული სოფლების გავლით მიმავალ ეთნიკურ ოსებს გაიარონ ”შემოწმების დამამცირებელი პროცედურები”, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამავე ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ ოსეთის მხარე მხოლოდ მაშინ გახსნის გზებს, როდესაც ქართული მხარე აღადგენს თავისუფალ მიმოსვლას მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და დაითხოვს დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციას.


სამხრეთ ოსეთის მხარის გადაწყვეტილება გზების ჩაკეტვის თაობაზე დაემთხვა სანაკოევის  გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, რომელიც 11 მაისს დღის მეორე ნახევარში იგეგმება. დიმიტრი სანაკოევი პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელად დანიშნა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version