აშშ მხარს უჭერს ”კონსტრუქციულ დიალოგს” სამხრეთ ოსეთის თაობაზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 10 მაისს განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს კონსტრუქციულ დიალოგს საქართველოს ხელისუფლებასა და სამხრეთ ოსეთის მხარეს შორის.


აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ლიდერის დიმიტრი სანაკოევის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე.  


”რაიმე კონკრეტული კომენტარი ამ დანიშვნასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტრუქციულ დიალოგს სამხრეთ ოსეთსა და ოსებს და საქართველოს მთავრობას შორის. ყველას ინტერესებში შედის, რომ პოლიტიკური უთანხმოებები პოლიტიკური გზით მოგვარდეს. და ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არის ისეთი რამ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს,”- განაცხადა შონ მაკკორმაკმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version