ოპოზიციური ფრაქცია ”მრეწველების” ლიდერმა ზურაბ ტყემალაძე პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის დროებით ტოვებს პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს მანამ, სანამ ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე ჯგუფის მიმართ ცინიკური დამოკიდებულების გამო არ იქნება გადაყენებული თანამდებობიდან.
პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს, რომელიც ძირითადად საკუთრების შესახებ ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს, პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და იგი ყველა საპარლამენტო ფრაქციის ლიდერს აერთიანებს, გარდა ”ახალი მემარჯვენეების” ხელმძღვანელისა, რომელმაც ჯგუფი 2 დღის წინ დატოვა.
როგორც ოპოზიციური ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა ”სივილ ჯორჯიას” განუცხადა, ინტერფაქციული ჯგუფის დატოვებას მისი ფრაქციაც გეგმავს.
კახა ბენდუქიძემ 9 მაისს გააკრიტიკა ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა და განაცხადა, რომ გამყრელიძის გადაწყვეტილება ჯგუფის დატოვების შესახებ ოპოზიციის ”უსუსურობის” გამოვლინება იყო.
”ამ ჯგუფში 3 დეპუტატია ოპოზიციიდან და დანარჩენი 8 უმრავლესობიდან… ეს პირველ რიგში თქვენი შეურაცხყოფაა,”- მიმართა ტყემალაძემ დღეს კოლეგებს უმრავლესობიდან.
”მე ისეთ ინტერფრაქციულ ჯგუფში, რომელსაც კახა ბენდუქიძე ხან სულელურს დაუძახებს, ხან უაზროს დაუძახებს, ნამდვილად არ მაქვს სურვილი მივიღო მონაწილეობა მანამდე, სანამ მას არ დაატოვებინებენ სამსახურს. მე ვაყენებ საკითხს და ვთხოვ პრეზიდენტს შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და კახა ბენდუქიძის მიმართ მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მე სიამოვნებით ვიმუშავებ ინტერფრაქციულ ჯგუფში,”- განაცხადა 10 მაისს ტყემალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბენდუქიძესთან ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა ”საკმაოდ პოზიტიური” იყო, თუ სახელმწიფო მინისტრმა თავის თავს უფლება მისცა და ინტერფრაქციული ჯგუფი უპატივცემულოდ მოიხსენია, მას ”როგორც მინიმუმ” ბოდიშის მოხდა მოუწევს.
”არავის არ აქვს უფლება უპატივცემულოდ მოიხსენიოს პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ჯგუფი, მითუმეტეს ჩემივე და ჩვენივე ხელისუფლების მინისტრს”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
თუმცა აქვე დასძინა, რომ მინისტრის არაკორექტული გამონათქვამების გამო ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს.