ეუთოს თავმჯდომარე გმობს მუქარას დამკვირვებლების წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში

ინციდენტი, რომლის დროსაც სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული პირებმა იარაღის მუქარით საფრთხე შეუქმნეს სამშვიდობოებს და ეუთოს უიარაღო დამკვირვებლებს ”სერიოზული და მიუღებელია”, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა 9 მაისს.


ეუთოს დამკვირვებლებს და შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებს მაშინ დაემუქრნენ, როდესაც მათ 7 მაისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლებს ნიქოზსა და ავნევს შორის არსებული ტერიტორიის მონიტორინგის დროს საზენიტო იარაღი Zu-23-2 და გადასატანი საზენიტო დანადგარი ”სტრელა-2” აღმოაჩინეს.


ამ იარაღს იცავდა სამი შეიარაღებული პირი, რომელთაც საკუთარი თავი ოს მილიციელებად გაასაღეს. მათ არ მისცეს დამკვირვებლებს საშუალება ტერიტორიის მონიტორინგი განეხორციელებინათ და ჰაერში რამდენიმე გასროლაც მოახდინეს, იტყობინება შერეული სამშვიდობო ძალები.


”ვგმობთ იმ ძალადობას, რომელსაც ამ შემთხვევის დროს ჰქონდა ადგილი,” – განაცადა მორატინოსმა.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის განცხადება, რომლის თანახმადაც სამშვიდობო ძალებმა და ეუთოს დამკვირვებლებმა განმეორებითი მონიტორინგი ჩაატარეს და 8 მაისს ოსურ სოფელ წნელისის მახლობლად აღმოაჩინეს საზენიტო იარაღი Zu-23-2. განცხადების თანახმად, იარაღი ამოღებული და გადატანილი იქნა შერეული სამშვიდობო ძალების შტაბბინაში ცხინვალში.


9 მაისს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ ასევე დაგმო ინციდენტი.


მისი თქმით, გასულ ღამეს ცხინვალის მხრიდან ჭურვი ისროლეს ქართულ სოფელ ნიქოზის მიმართულებით, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version