ბაღაფშმა და საფრანგეთის ელჩმა მოლაპარაკებათა პროცესის განახლებაზე იმსჯელეს

4 მაისს სოხუმში გაიმართა თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის შეხვედრა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან ფილიპ ლეფორთან, სადაც განიხილეს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


ამავე ცნობით, ფრანგულმა მხარემ, რომელიც ასევე შედის გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფში, გამოთქვა იმედი მოლაპარაკებათა პროცესის, მათ შორის ორმხრივ დონეზე განახლების თაობაზე.


თუმცა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ როგორც ორმხრივ, ისე ოთხმხრივ ფორმატებში ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისი სრულად შეასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს 13 აპრილის რეზოლუციის მოთხოვნებს.


”კოდორის ხეობიდან ”მარიონეტული მთავრობის” გაყვანამდე მოლაპარაკებები არ განახლდება,”- განაცხადა ბაღაფშმა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარულ-ეკონომიკური პროექტების პერსპექტივები. თუმცა აფხაზურმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი პროექტები მნიშვნელობას დაკარგავს მათთვის იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პროექტების რამენაირი დაკავშირება კონფლიქტის დარეგულირების პროცესთან.

Exit mobile version