პრეზიდენტმა განათლების სტიმულირების გეგმებზე ისაუბრა

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს განათლების მინისტრთან კახა ლომაისთან ერთად სასკოლო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება წარჩინებულ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს.


მისი თქმით, მომავალი წლიდან მასწავლებლებს ხელფასები მოემატებათ და ასევე ”წავახალისებთ განსაკუთრებით წარმატებულ მასწავლებლებს.”


”ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთის განწყობა, რომ ხალხი, რომელიც ყველაზე კარგად სწავლობს, შრომობს და კარგი შედეგები აქვთ, მისაბაძი უნდა იყოს დანარჩენი საზოგადოებისათვის… საქართველოს მთავრობა თითოეულ თქვენგანს მიხედავს ბოლომდე და შეუქმნის საუკეთესო სწავლის, შრომისა და დასაქმების პერსპექტივებს,”- მიმართა პრეზიდენტმა მოსწავლეებს.


მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ყველა პროფესიის ადამიანი, ”ჩვენ დავაფინანსებთ ყველას ვისაც ექნება მოწვევა [უცხოური უნივერსიტეტებიდან] და შემდეგ აიღებს ვალდებულებას იმუშაოს საქართველოში”.


”საქართველოს ვერავინ ვერ მოერევა იმიტომ, რომ ჩვენ ინტელექტით უნდა ვაჯობოთ იმ ხალხს, ვისაც უნდა ჩვენთვის პრობლემების შექმნა,”- დასძინა პრეზიდენტმა.  


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ზაფხულში პატრიოტთა ბანაკის გახსნა იგეგმება გალის სიახლოვეს, კონფლიქტის ზონის სოფელ განმუხურში, სადაც უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება მიღებული.


 

Exit mobile version