სააკაშვილი და კაჩინსკი ორი ქვეყნის ურთიერთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობენ

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილმა და ლეხ კაჩინსკიმ ორ ქვეყანას ”მნიშვნელოვანი მეკავშირეები” უწოდეს და განაცხადეს, რომ კეთილგანწყობილი 86-წლოვანი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება უნდა მოხდეს  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სამხედრო სფეროებში.


”ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის აბსოლუტური ურთიერთგაგება, ყველა საკითხზე არის ერთნაირი შეხედულება და არ არსებობს არანაირი პრობლემა. პოლონეთს და საქართველოს შორის არსებობს ისტორიული, კულტურული, ემოციური ურთიერთობები… იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პოლონელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე.


”პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი შუქურა და ჩვენთვის ორიენტირი ბევრ იმ ფასეულობის დამკვიდრებაში, რომელსაც ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ,”- დასძინა მან.


დღეს პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ვარშავაში მაისში დაგეგმილი ენერგეტიკის სამიტი, რომელიც ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხებს მიეძღვნება. კერძოდ, საუბარია ყაზახური და აზერბაიჯანული ენერგორესურსების საქართველოსა და უკრაინის გავლით ევროპაში ტრანსპორტირებაზე.


”ეს არის მნიშვნელოვანი სამიტი, როდესაც პრეზიდენტების სხვადასხვა ჯგუფი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ და აუცილებლად უნდა ვთქვათ ღიად, რომ საქართველოსთან კავშირი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება,”- განაცხადა ლეხ კაჩინსკიმ პრესკონფერენციაზე.


”ჩვენ მთლიანად მხარს ვუჭერთ პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივას ენერგეტიკის თემაზე სამიტის მოწვევაზე პოლონეთში,”- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


პოლონეთის პრეზიდენტმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი  საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციისა და ასევე  ევროკავშირთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის თვალსაზრისით.


”მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნატოს მომავალი სამიტი 2008 წლის აპრილში, რომელიც ალბათ  ლისაბონში გაიმართება, იქნება მნიშვნელოვანი სამიტი, სადაც საქართველო მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP),”- განაცხადა ლეხ კაჩინსკიმ.


მისი თქმით, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს პოლონეთისა და საქართველოს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში. ”საქართველოდან არავითარი საფრთხე არ მოდის არავის მიმართ,” – დასძინა მან იმავდროულად.


პრეზიდენტებმა ასევე ხაზი გაუსვეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.


”უნდა გაიზარდოს ვაჭრობა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ეს დონე უფრო დაბალია, ვიდრე მივესალმებოდით, რომ ყოფილიყო,”- განაცხადა კაჩინსკიმ.


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში დაიწყება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და ”ბევრად მეტი პოლონელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში”.


მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებზე, რომელსაც  ქვეყანამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია და ”ველით, რომ ავიწევთ ბიზნეს-კლიმატის რეიტინგში, ისევე როგორც წელს საქართველოში ჩვენ ველით 2 მლრდ-მდე დოლარის პირდაპირ საგარეო ინვესტიციას”. მისი თქმით, წელს საქართველო ღარიბი ქვეყნებიდან საშუალო ქვეყნების რეიტინგში გადაინაცვლებს.


”ასე, რომ საქართველო არის საინტერესო და მნიშვნელოვანი პარტნიორი,”- დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version