ფინანსთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 14-15 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.


ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან. ფინანსთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს-კონფერენციაში.


იმავდროულად, გრძელდება პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი აშშ-ში, რომელიც 18 აპრილს დასრულდება.


მნიშვნელოვანი იყო ნოღაიდელის შეხვედრა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან დიკ ჩეინისთან, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, მიმდინარე რეფორმებს, ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს და საქართველოს ნატოში გაწევრინების პერსპექტივას, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს.


ვიზიტის ფარგლებში ზურაბ ნოღაიდელი აგრეთვე შეხვდა აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილეს გორდონ ინგლანდს და ორ ქვეყანას შორი სამხედრო თანამშრომლობის და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილა.


ზურაბ ნოღაიდელმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჟამად თანხმდება ტექნიკური დეტალები კოალიციის ძალების ფარგლებში ერაყში ქართული კონტიგენტის 2000 კაცამდე გაზრდის თაობაზე. მისი თქმით, სავარაუდოდ, ივნისისთვის ეს გადაწყვეტილება აღსრულდება.

ზურაბ ნოღაიდელმა მონაწილეობა მიიღო ასევე მსოფლიო ბანკში გამართულ კონფერენციაში, სადაც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა პოლ ვოლფოვიცმა ზურაბ ნოღაიდელს გადასცა სპეციალური პრიზი საქართველოსთვის, როგორც N1 რეფორმატორი ქვეყანისთვის.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანს სამუელ ბოდმანს და სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ნიკ ბარნს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკეს ტრანსკასპიური კორიდორის პოტენციალზე და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version