თბილისი აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ’ადეკვატურ’ რეზოლუციას ელის

საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, აფხაზეთის შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელზეც გაეროს უშიშროების საბჭო 10 აპრილს იმსჯელებს, შარშან ოქტომბერში მიღებულ რეზოლუციასთან შედარებით ”ბევრად უკეთესია”.


”ჩვენ ველოდებით, რომ ადეკვატურად იქნება შეფასებული ყველა ის პოზიტიური ნაბიჯი, რაც გადაიდგა ბოლო 6 თვის განმავლობაში. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ იქ აისახება ძალიან მტკიცე პოზიცია და იმ ფაქტს, რომელიც მოხდა 11 მარტს [კოდორის ხეობის დაბომბვა] შესაბამისი შეფასება მიეცემა,”- განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ 7 აპრილს გელა ბეჟუაშვილმა.


გაეროს უშიშროების საბჭოზე იგეგმება  პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის დასწრებაც, რომელიც ნიუ-იორკში დღეს გაემგზავრება.


”ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად გვექნება აფხაზეთში შექმნილი ვითარების განხილვა. პირველ რიგში გალში არსებული მდგომარეობა და საერთოდ, აფხაზეთში არსებული ვითარება,”- განაცხადა ნოღაიდელმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version