ლეიბორისტული პარტია ირანს ბრიტანელი მეზღვაურების გათავისუფლების გამო მადლობას უხდის

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, ირანის ხელისუფლებამ მას შემდეგ გაათავისუფლა ბრიტანელი სამხედრო მეზღვაურები, რაც ამის შესახებ თხოვნა პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადასცა საქართველოში ირანის საელჩოს წარმომადგენელს თბილისში, 4 აპრილს გამართულ შეხვედრაზე.


”შალვა ნათელაშვილმა მეგობრულად სთხოვა ირანის მხარეს გამოიჩინოს კეთილი ნება და იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანელმა ჯარისკაცებმა აღიარეს ირანის ტერიტორიულ წყლებში ყოფნა, გაათავისუფლოს ისინი… 18 საათზე უკვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები განთავისუფლებული არიან, რისთვისაც საქართველოს ლეიბორისტული პარტია მადლობას უხდის ირანის ხელმძღვანელობას,”- განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა კახა ძაგანიამ საგანგებო ბრიფინგზე.


ირანის მხარემ 15 ბრიტანელი მეზღვაური 23 მარტს დააკავა. თეირანის განცხადებით,  ბრიტანელები  ირანის ტერიტორიულ  წყლებში უკანონო ყოფნის გამო დააკავეს, რასაც ბრიტანული მხარე უარყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version