ქართული არმიის ”მოდერნიზაცია მნიშვნელოვნად გაიზრდება” წელს, რათა შეიქმნას ”მაქსიმალურად თანამედროვე შეიარაღებული ძალები”, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 აპრილს.
სააკაშვილი დღეს სენაკის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც სტუდენტების ჯგუფი 18-დღიან სავალდებულო სარეზერვო სამსახურს გადის.
”მთელი ქვეყანაა მზად იმისათვის, რომ საქართველოს ჰყავდეს უახლოეს პერიოდში მინიმუმ 100 000-კაციანი, ბოლომდე აღჭურვილი, მომზადებული სარეზერვო ძალები,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ”შეძლოს იარაღის ხელში დაჭერა და თუ საჭირო გახდა, ქვეყანაზე განხორციელებული აგრესიის მოგერიება” .
”ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი ყველა არაკეთილმოსურნესადმი,” – დასძინა მან.
”მე ორი წელი ვიმსახურე საბჭოთა კავშირის ელიტარულ ჯარში, მაგრამ გარწმუნებთ, შარშან 10 დღეში რეზერვისტთა სამსახურში ბევრად უკეთესად ვისწავლე იარაღის გამოყენება,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ”გრძელი რიგებია” იმ პირების, ვისაც სარეზერვო სამსახურის გავლა სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ ”ბევრი რამ გამოიცვალა” საქართველოში ბოლო წლების მანძილზე.