მერაბიშვილი: კოდორის დაბომბვისას ”ატაკას” ტიპის მართვადი ჭურვი გამოიყენეს

სამხედრო ვერტმფრენებმა 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვის დროს რუსული წარმოების ”ატაკას” ტიპის მართვადი ჭურვი ისროლეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.


1 აპრილს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებამ ხეობაში იპოვა ჭურვის ნაწილები, რომელიც 2005 წელსაა წარმოებული და რუსულ არმიაში გამოიყენება.  


დაბომბვის მეორე დღეს, 12 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა ეროვნული უშიშრობის საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვერტმფრენებმა, რომლებიც ქართულ საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციიდან შემოფრინდნენ, ”სულ ცოტა 20 უმართავი ჭურვი ისროლეს ხეობაში არსებული ადმინისტრაციული და პოლიციის შენობების მიმართულებით”.


გაეროს დამკვირვებლების, რუსი სამშვიდობოების და ქართული და აფხაზური მხარეებისგან შემდგარმა ერთობლივმა ჯგუფმა ორი შემსწავლელი მისია განახორციელა ხეობაში ინციდენტის გამოძიების მიზნით; თუმცა, ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა ინციდენტის თაობაზე არ გაკეთებულა.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version