მეთიუ ბრაიზა ოპოზიციას ხვდება

მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, რომელიც საქართველოს სტუმრობს, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრას მართავს.


”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმიტომ, რომ როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან უცხოელი წარმომადგენლები, მაშინ მხოლოდ დადებით რაღაცეებზეა საუბარი, ოპოზიცია კი უფრო ამახვილებს ყურადღებას ნაკლოვანებებზე”, – განუცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა შეხვედრამდე ჟურნალისტებს.


ოპოზიცია აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენელთან ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს მდგომარეობაზე, სხვა შიდა პრობლემებზე, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის, ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე.


”რა თქმა უნდა იქნება ჩემი მხრიდან კითხვები [ცხინვალის რეგიონში] დროებით ადმინისტრაციულ ერთეულის შექმნაზე  პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით”, – განუცხადა ჟურნალისტებს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.


შეხვედრას ასევე ესწრებიან რესპუბლიკური და მრეწველთა პარტიების ლიდერები.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version