მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს ”არამეგობრულ” ნაბიჯს უწოდებს

მოსკოვი საქართველოს მხრიდან ”არამეგობრულ” ნაბიჯად მიიჩნევს 26 მარტს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასული წლის შემოდგომაზე რუსეთიდან დეპორტირებულთა უფლებების ”თითქოსდა” დარღვევაზე შეტანილ სარჩელს.


”ქართულ მხარეს თავისი შეშფოთების აღმოსაფხვრელად შეეძლო გამოეყენებინა სრულიად სხვა მეთოდები, მათ შორის რუსეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ურთიერთქმედების მექანიზმი. თუმცა დემონსტრაციულად აირჩია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათი ფორმულა ”სარჩელი სახელმწიფო სახელმწიფოს წინააღმდეგ” იმ მიზნით, რომ მაქსიმალური პოლიტიზირება და საკითხის გამწვავება მოხდეს”, – ნათქვამია 27 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.


ოფიციალური მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა არაკონფრონტაციულ რეჟიმში გამოესწორებინა ორმხრივი ურთიერთობები, თუმცა ”თბილისში სხვა არჩევანი გააკეთეს”.


სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ქართული მხარე მოითხოვს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისა და ეროვნებით ქართველების დეპორტაციის პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ათი მუხლის დარღვევის აღიარებას და დეპორტაციის პროცესში მათთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.


”ამ პროპაგანდისტული აურზაურის მიზანი, რომელსაც თბილისი აღვივებს, პირდაპირ რომ ვთქვათ, ამ დროისთვის არც ისე აქტუალური თემის გარშემო, თავიდანვე ცხადი იყო – ანტირუსული ”საფრთხობელების” დახმარებით მოიპოვონ საზღვარგარეთ მხარდაჭერა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი თავიანთი პოლიტიკური კურსის მიმართ, ასევე უპასუხისმგებლო მიმართულებების მიმართ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებში”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version