პირველი პრეზიდენტის ნეშტს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

დღეს თბილისში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტს საქართველო-რუსეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ”ზემო ლარსის” გავლით ჩამოასვენებენ.


რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მარტის დასაწყისში გროზნოში აღმოჩენილი ნეშტი ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზი.


ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების საკითხზე იმსჯელეს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა და  საქართველოში რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ. დღესვე ამ საკითხზე სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ხელმძღვანელობით. 


”მინდა დავადასტურო, რომ მთავრობა ოჯახთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ეს [დაკრძალვის] პროცესი ღირსეულად წარიმართოს”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ვალერი ჩეჩელაშვილმა.


თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის ადგილი. განიხილება სამი ვარიანტი: მთწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, გამსახურდიების სახლის – ”კოლხური კოშკის” ეზო  და სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. ამ საკითხზე გამსახურდიას უახლოეს ნათესავებს შორის უთანხმოებაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version