სააკაშვილი გამორიცხავს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კოდორიდან გამოყვანას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მარტს განაცხადა, რომ ქართული მხარე არ გაიყვანს აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას ზემო კოდორის ხეობიდან.


თბილისმა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა მალხაზ აქიშბაიას ხელმძღვანელობით ზემო კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში გასული წლის სექტემბერში განათავსა, რამაც აფხაზური მხარის შეშფოთება გამოიწვია. სოხუმი აქიშბაიას ადმინისტრაციას ”მარიონეტულ მთავრობას ” უწოდებს. თბილისისგან აფხაზეთის მთავრობის გაყვანას ასევე ითხოვს მოსკოვი.


”ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის პირდაპირი მუქარები საქართველოს მიმართ იმის თაობაზე, რომ თურმე ზემო აფხაზეთიდან უნდა გავიდეს მთავრობა… თუ არა და გაგრძელდება საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციები და ამას ამბობენ ღიად”, – განაცხადა სააკაშვილმა დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.


”ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ ჩხალთიდან მთავრობა შეიძლება გადავიდეს მხოლოდ ერთ დასახლებულ პუნქტში – ეს არის ქალაქი სოხუმი. სხვა ყველანაირი გადაადგილება ამ მთავრობის არის გამორიცხული… ეს დაიმახსოვროს ყველამ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ”, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version