ხაჯიმბა გადატრიალების თაობაზე ბაღაფშის გუნდის შიშებს უსაფუძვლოს უწოდებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ არ აპირებს გაგადგომას ან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, თუმცა ე.წ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ღიად საუბრობს აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის გუნდის მიმართ უკმაყოფილებაზე.


ხაჯიმბას განცხადებით, მარტის საპარლამენტო არჩევნებმა ისეთივე სიტუაცია შექმნა, როგორიც იყო 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, როცა ერთმანეთს მწვავედ უპირისპირდებოდნენ ბაღაფში და ხაჯიმბა, თუმცა მათ შორის ურთიერთობები ორთვიანი კონფრონტაციის შემდეგ 2004 წლის დეკემბერში ძალთა გადანაწილების შესახებ შეთანხმებამ დაარეგულირა. მას შემდეგ თავიანთ საჯარო განცხადებებში ბაღაფში და ხაჯიმბა ერთმანეთში უთანხმოებას მუდმივად უარყოფდნენ.


”ხელისუფლებამ უნდა გააანალიზოს ეს სიტუაცია, დაფიქრდეს”, – იუწყება 23 მარტს ”აფსნიპრესი” ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით.


ხელისუფლების მიმართ პრეტენზიებზე დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ოპოზიციური აფხაზ ხალხთა ერთობის ფორუმის შეხვედრაზე ისაუბრა.


იგი ასევე შეეხო 8 მარტს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც მისი თქმით, გამოითქვა შეშფოთება შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების გამო.


”მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ: არავითარი პუტჩის, არავითარი გადატრიალების მოწყობას არავინ არ აპირებს… ამისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს… არის ხელისუფლება, რომელიც აირჩია ხალხმა და მან უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ გააერთიანოს ადამიანები”, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.


მან ასევე გამოხატა უკმაყოფილება მარტის ე.წ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო, რაშიც ოპოზიციონერი კანდიდატები ხელისუფლებას სდებენ ბრალს.


ხაჯიმბამ ასევე უსაფუძვლო უწოდა მისი მისამართით პარლამენტის სპიკერის ნუგზარ აშუბას მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, ”თითქოს მე ვმანიპულირებდე ოპოზიციით. მთელი ეს დრო მე რეალურად დაკავებული ვარ მშვიდობისმყოფელობით”.


მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ მედია დაშინებულია და მხოლოდ ოფიციალურ მოსაზრებებს აშუქებს.


”არავის არ უნდა იყოს ბარიკადების სხვადასხვა მხარეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად. მიმაჩნია, რომ საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი და მონოლითური. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ბევრი საკითხი მოიხსნება”, – აცხადებს დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version