მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, არასრულწლოვანი პატიმრის გიორგი ზერეკიძის საქმის გარშემო განვითარებული კამპანია ”უპასუხისმგებლოა” და ხელისუფლება აპირებს კიდევ უფრო გაამკაცროს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები, მათ შორის კანონმდებლობის მეშვეობით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ 15 წლის გიორგი ზერეკიძისთვის გამოტანილ განაჩენს, რომლითაც განზრახ მკვლელობის მცდელობის მოტივით ზერეკიძეს 7 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, მედიის მეშვეობით საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლებს კრიტიკის საბაბი გახდა. ამ საქმის გამო ახალგაზრდებმა საპროტესტო აქციებიც მოაწყვეს.
”ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ გავხდით უპასუხისმგებლო კამპანიის მოწმე, რომელიც ემყარებოდა სიცრუეს, არაინფორმირებულობას ან სიზარმაცეს… ასეთი საზოგადოებრივი ყურადღების მიუხედავად, სასამართლო დარბაზიდან წივილ-კივილისა და სკამებზე ხტომის გარდა რეალური ამბის გამოტანა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, ეს არის მინუსი მედიისაც, პროკურატურისაც და პოლიტიკური ოპონენტების დიდი ნაწილის, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი თემა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ”, – განაცხადა ბოკერიამ საგანგებოდ ამ თემისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველას გააგებინებს, რომ დანაშაულის ჩამდენებთან, მათ შორის ახალგაზრდებთან, ბრძოლა იქნება მკაცრი და ”ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია იქნება იზოლირებული”.
ბოკერიას განცხადებით, მოქმედებს სისხლის სამართლებრივი აკრძალვა 21 წლამდე ახალგაზრდებისათვის ცივი იარაღის ტარების თაობაზე, ასევე გეგმაშია მკაცრი სანქციების დაწესება მათზე, ვინც არასრულწლოვანებს ტოტალიზატორში თამაშის საშუალებას მისცემს.
ასევე იწყება მუშაობა ანტისოციალური ქმედებების საკანონმდებლო პაკეტზე.
”საუბარია ისეთ სანქციებზე, რომლებიც მონიტორინგის ქვეშ მოაქცევს ახალგაზრდებს მანამ, სანამ ისინი საშიში გახდებიან საზოგადოებისთვის… მექანიზმი იქნება სანქციები მშობლების, სკოლის მიმართ… ჩვენ საერთაშორისო გამოცდილებას დავეყრდნობით”, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ასევე განიხილება რეალური შესაძლებლობები, რომ გამკაცრდეს სანქციები სასამართლოში ანტისოციალური ქმედებების გამო.