ენერგეტიკის სფეროში ახალი პროექტების, რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს დღეს თბილისში ნავთობის, გაზის ენერგეტიკისა და ინფრასტუქტურის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე.
ორდღიან კონფერენციაში აშშ-ს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში ახალი პროექტების დასახვა-განხორციელებას.
”წელსაც გაჟღერდა ახალი პროექტები, რომელიც უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ განხორციელდეს, მათ შორის არის გაზსაცავი, ენერგეტიკის სექტორში ჰიდროსადგურების მშენებლობა და მთავარი მიღწევა საქართველოსთვის ენერგეტიკული დივერსიფიკაციის შექმნაა… დღეს საქართველოში ენერგოსექტორი ყველაზე მიმზიდველია ინვესტორებისთვის”, – განუცხადა ნიკა გილაურმა ”სივილ ჯორჯიას”.
მინისტრის თქმით, თურქული მხარე დაინტერესებულია ფარავანჰესის მშენებლობით, რომლისთვისაც 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა საჭირო; ამერიკული კომპანია კი ქარის 24 მგვტ-იანი სიმძლავრის სადგურის აგებით ინტერესდება, რისთვისაც 30-34 მლნ დოლარის ინვესტიციაა საჭირო.
გარდა ამისა, კომპანია ”ბრითიშ პეტროლეიუმ”-მა ინტერესი გამოიჩინა საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის მიმართ. ამჟამად ენერგეტიკის სამინიტრო ნინოწმინდასა და რუსთავში ამ პროეტის განხორციელების შესაძლებლობებს სწავლობს და საბოლოო დასკვნას 7 თვის განმავლობაში წარადგენს.
კონფერენციაზე საქართველო-უკრაინა-ევროკავშირის (GUEU) გაზსადენის პროექტის განხორციელების შესახებ ისაუბრა კომპანია GUEU-ს წარმომადგენელმა გიორგი ვაშაყმაძემ.
პროექტის განხორციელებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე 700 კილომეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს და რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ენერგორესურსების ევროპაში გადაქაჩვის შესაძლებლობას ქმნის, გიორგი ვაშაყმაძის თქმით, სჭირდება მინიმუმ 5-7 წელი. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება დაახლოებით 8 მილიარდი კუბამეტრი ბუნებრივი აირის გატარება წელიწადში.
”ამგვარი პროექტები ბევრ პრობლემებთან არის დაკავშირებული, სტრატეგიული პროექტებია, თუმცა ეს პროექტი რეალურია. ის მომგებიანია ინვესტორებისთვის”, – განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” გიორგი ვაშაყმაძემ.