რუსული არხებით კვიციანის მორიგი ვიდეო-მიმართვა გავრცელდა

ივლისის ბოლოს კოდორის ხეობაში მოწყობილი შეიარაღებული ამბოხის გამო ძებნილმა ემზარ კვიციანმა რუსეთის პირველი არხის მეშვეობით მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანას, მისი დაკავებული თანამებრძოლების და დის ნორა კვიციანის გათავისუფლებას მოითხოვს.


”წინააღმდეგ შემთხვევაში კოდორის ხეობა დაკარგული იქნება საქართველოსთვის და მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და მის გუბერნატორს საქართველოში მიხეილ სააკაშვილს”, – აცხადებს ემზარ კვიციანი ვიდეო-ჩანაწერში.


მისი თქმით, ჩანაწერი გაკეთდა 2007 წლის 15 მარტს სოფელ ჩხალთაში, სადაც კვიციანის ამბოხის ჩახშობის შემდეგ თბილისმა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაის შტაბ-ბინა განათავსა.

”საქართველოს იმაზე უარესი მტერი დღეს არ ჰყავს, როგორიც სააკაშვილი და მისი მთავრობაა. და ამიტომ ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო მოგიწოდებთ გავერთიანდეთ და გავაძევოთ ეს ამერიკული ქმნილება საქართველოდან”, – განაცხადა კვიციანმა.

კვიციანის ჩანაწერი გავრცელდა მას შემდეგ, რაც 11 მარტს კოდორის ხეობა დაიბომბა. სოხუმმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის უკან შესაძლოა კვიციანი იდგეს.


ეს ემზარ კვიციანის მესამე ვიდეო-მიმართვაა. პირველი ანალოგიური პათოსის ჩანაწერი გასული წლის სექტემბერში გავრცელდა, სადაც კვიციანი პარტიზანული მოძრაობის დაწყებით დაიმუქრა. მეორე აფხაზურმა ტელევიზიამ გასული წლის ნოემბერში გაუშვა, სადაც კვიციანი ზემო კოდორის ხეობაში 25 ოქტომბერს მომხდარ დაბომბვაზე პასუხისმგებლობას იღებდა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version