გეგმა საქართველოს კონფლიქტებში ევროკავშირის ახალი როლის შესახებ

ახალი გეგმა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ გაახმოვანა, ითვალისწინებს ევროკავშირის გაზრდილ როლს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში, მათ შორის როკის გვირაბზე მონიტორინგის განხორციელებასაც, იტყობინება EUobserver.com 20 მარტს უცნობ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.


ამავე ინფორმაციით, 15-პუნქტიან გეგმას, რომელიც სემნებიმ ევროკავშირის დიპლომატებს გასულ კვირას გააცნო, ევროკავშირის ელჩები 27 მარტს  განიხილავენ.


აფხაზეთთან მიმართებაში, გეგმა ითვალისწინებს გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების ოფიციალური ფორმატის გაფართოებას და მასში ევროკავშირის ჩართვას დამკვირვებლის და სრულფასოვანი მონაწილის სტატუსით. გეგმა ასევე შეიცავს მოწოდებას ახალი საბაჟო სტრუქტურების შექმნის თაობაზე, რაც დაეხმარება რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს შორის არსებულ საზღვარზე ვაჭრობის ლეგიტიმიზაციას; ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის სამშვიდობოების გაგზავნა მოსკოვის და სოხუმის თანხმობის შემთხვევაში; გეგმა ასევე შეიცავს შემოთავაზებას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული კულტურული პროგრამების განხორციელებისა და სოხუმში ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გახსნის თაობაზე, იტყობინება EUobserver.com.


რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, გეგმა ითვალისწინებს როკის გვირაბზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველოში უკვე არსებული ევროკავშირის მესაზღვრეთა ცხრაკაციანი მისიის მანდატის გაფართოებას. გეგმა ასევე ითვალისწინებს სატელიტების გამოყენებას მაღალი რეზოლუციის ფოტოების გადასაღებად როკის გვირაბზე, რომელიც თბილისის განცხადებით, იარაღის კონტრაბანდის მარშრუტად გამოიყენება. 


ყველა ეს წინადადება აკმაყოფილებს თბილისის მოწოდებებს კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირის როლის გაზრდის თაობაზე.


თუმცა EUobserver.com-ის ცნობით, დიპლომატები გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან, ასევე რუსეთის ახალი პარტნიორები გაზსადენის და ნავთობსადენის საკითხებში – უნგრეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი ”თავს იკავებენ რუსეთის გაღიზიანებისგან” ამ ახალ წინადადებებთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version