ცხინვალი ”პროვოკაციად” აფასებს სააკაშვილის განზრახვას სანაკოევთან დიალოგის დაწყებაზე

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ”პროვოკაციად” და სანაკოევის ალტერნატიული ხელისუფლების ლეგიტიმაციის დაწყების ფაზად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას სანაკოევთან დიალოგის დაწყების მზადყოფნასთან დაკავშირებით.


”აშკარა ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლება.., რომელიც დებს უამრავ ფინანსებს მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ ”ალტერნატიული მთავრობაში” და მის პიარ-კამპანიაში, გადავიდა თავისი ხელდასმულების ლეგიტიმაციის აქტიურ ფაზაზე”, – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”სანაკოევის მოძრაობასთან” ოფიციალური ურთიერთობების დამყარებაზე ინიციატივა 15 მარტს საპარლამენტო მოხსენების ფარგლებში გაახმოვანა.


”საქართველოს ხელისუფლების მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიმართულია დაძაბულობის გაღრმავებისკენ და ამან მხოლოდ ქართულ-ოსური ურთიერთობის შემდგომ გართულებასთან შეიძლება მიგვიყვანოს და არა კონფლიქტის დარეგულირებასთან”, – აცხადებს ცხინვალი.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდოს ქართულ მხარეს თავი შეიკავოს სანაკოევთან ოფიციალური ურთიერთობებისაგან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version