თბილისი აფხაზეთიდან დევნილთა ქონებრივ უფლებებს იცავს

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს  ცალკეულ აფხაზურ ვებ-გვერდებზე დევნილი მოსახლეობის უძრავი ქონების გასხვისების შესახებ განთავსებული განცხადებების გამო და მოუწოდებს აფხაზურ მხარეს შეწყვიტოს აფხაზეთში დევნილთა კუთვნილი ქონების გაყიდვის პროცესი.


”თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რჩევა მივცეთ ყველას, ვინც უკანონო გზით აფხაზეთში სხვისი ქონების მითვისებას ცდილობს და გავაფრთხილოთ, რომ ეს ინვესტიცია წყალში გადაყრილია”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


სამინისტროს ინფორმაციით, შეძენილი ქონება კონფლიქტის მოგვარების შემდეგ უკანონო მეპატრონეებს ჩამოერთმევათ და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდებათ.


დღესვე საპრეზიდენტო პროგრამა ”ჩემი სახლის” მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიზანია თითოეული დევნილის მიერ აფხაზეთის  ტერიტორიაზე დატოვებული კუთვნილი ქონების აღწერა, პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ მოისმინა. პროგრამა გასული წლის აპრილში დაიწყო.


ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გიორგი ხევიაშვილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ქონებრივი დეკლარაცია უკვე 50 ათასამდე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეავსო და პროცესი გრძელდება. დეკლარაციის შევსების და გადამოწმების შემდგომ დევნილზე გაიცემა ოფიციალური დოკუმენტი ქონების კუთვნილების შესახებ. 


მინისტრის თქმით, მაისიდან ასევე დაიწყება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და კომერციული ქონების აღწერაც. 


 

Exit mobile version