მთავრობა დაუყოვნებლივ დაიწყებს კოდორის დაბომბვისას დაზიანებული შენობების აღდგენას

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მთავრობა სასწრაფოდ დაიწყებს 11 მარტს კოდორის ხეობაში განხორციელებული დაბომბვისას დაზიანებული ყველა შენობის რეაბილიტაციას.


”ეს იქნება ყველაზე სწორი და მთავარი პასუხი ამ პროვოკაციაზე”, – განაცხადა ნოღაიდელმა დღეს მთავრობის სხდომაზე.


დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობები, მათ შორის ადმინისტრაციის შენობა ჩხალთაში, რომლის მეორე ნაწილში განთავსებულია სკოლა.


კოდორში შენობათა დიდი ნაწილის რეაბილიტაცია ივლისის ანტიკრიმინალური ოპერაციის შემდეგ განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ.


დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზემო აფხაზეთისაკენ დაიძრა ოთმხრივი ჯგუფი ქართული და აფხაზური წარმომადგენლების, გაეროს დამკვირვებლებისა და რუსი მშვიდობისმყოფელების შემადგენლობით, რომელიც ადგილზე გამოიძიებს მომხდარ ინციდენტს. 


 

Exit mobile version