რუსეთის საგარეო უწყება კოდორის ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

დაინტერესებული მხარეები ახორციელებენ გამოძიებას, რათა შესწავლილ იქნას ზემო კოდორის ხეობაში 11 მარტს გვიან ღამით მომხდარი ინციდენტის დეტალები, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 12 მარტს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში. გამოძიებაში გაეროს დამკვირვებლები და რუსი სამშვიდობოებიც არიან ჩართული.


ქართული მხარის განცხადებით, ზემო კოდორის ხეობა იმ სამხედრო ვერტმფრენებიდან დაიბომბა, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეში 11 მარტს თბილისის დროით 22:30 საათზე რუსეთის ფედერაციიდან შემოფრინდნენ. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის საჰაერო ძალების მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსულ სამხედრო ვერტმფრენებს აფხაზეთის მიმართულებით რაიმე ფრენა არ განუხორციელებიათ.


რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ზემო კოდორის ხეობაში 11 მარტს მომხდარი ინციდენტი ლოგიკური შედეგია საქართველოს გადაწყვეტილებისა ხეობაში ”აფხაზეთის ე.წ. ლეგიტიმური მთავრობის” განთავსებისა და ქართული ძალების შეყვანის შემდეგ. 


”ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის უსაფრთხოების გარანტიებისა და ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის საჭიროება. იმედი გვაქვს, რომ თბილისი შესაბამის და ზომიერ შეფასებებს მისცემს [ზემო კოდორის ხეობაში განვითარებულ] მოვლენებს და არ დაუშვებს, რომ ემოციებმა რეალობას სძლიოს”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version