მოსკოვი ”პატივს სცემს” აფხაზეთის ე.წ საპარლამენტო არჩევნებს

როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვს პირდაპირ არ უღიარებია 4 მარტის საპარლამენტო არჩევნები თვითგამოცხადებულ აფხაზეთში, თუმცა განაცხადა, რომ ”პატივს სცემს” არჩევნებს და ”იმ დემოკრატიული ტენდენციის” გაგრძელებად განიხილავს, რომელიც 11 თებერვლის ადგილობრივი არჩევნების დროს გამოვლინდა თვითგამოცხადებულ რეგიონში. 


”რუსეთის საზოგადოება, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები პატივისცემით ეკიდებიან აფხაზეთში გამართულ კენჭისყრას, რადგან არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარება არის ხალხის ნების უმაღლესი გამოხატულება დამოუკიდებლად იმისა, თუ რა სტატუსი აქვს ტერიტორიას, რომელზეც ისინი ცხოვრობენ”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმამიხეილ კამინინმა 6 მარტს გავრცელებულ კომენტარში.


”რაც შეეხება საკითხს იმის თაობაზე მხარდასაჭერია თუ არა აფხაზეთში გამართული არჩევნები, რაზეც ყურადღება გადააქვთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, არსებულ პირობებში ეს ადგილობრივი მოქალაქეების საქმე და პასუხისმგებლობაა”, – დასძინა მან.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ  ”აფხაზეთში ხალხის ნების გამოხატვამ არ შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას საერთაშორისო მცდელობას, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის სამართლიანი და გრძელვადიანი მოწესრიგებისკენაა მიმართული”.


მიხეილ კამინინის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სრული ინფორმაცია 4 მარტის არჩევნების შესახებ მათ არ გააჩნიათ, ”საერთაშორისო დამკვირვებლების” ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ე.წ საპარლამენტო არჩევნების ”პირველმა ტურმა” მშვიდ ვითარებაში, ორგანიზებულად და მოსახლეობის აქტიურობის ფონზე ჩაიარა, ”ექსცესები არ ყოფილა არც გალის რაიონში”.


”ეს ადასტურებს ხალხის მისწრაფებას გამოხატოს თავისი მოსაზრება აფხაზეთისთვის საჭირბოროტო საკითხებზე”, – განაცხადა კამინინმა.

ოფიციალური თბილისი უკვე გამოეხმაურა რუსეთის შეფასებას, როგორც აფხაზეთის ე.წ არჩევნების დემოკრატიულად წარმოჩინების ”უსაფუძვლო” მცდელობას.

”რუსეთს არ უღიარებია ეს [აფხაზეთის არჩევნები], როგორც ლეგიტიმური, ეს იყო უბრალოდ კიდევ ერთი მცდელობა რუსეთის მხრიდან, რომ შეეფასებინა იქ მიმდინარე სიტუაცია თითქოსდა, როგორც დემოკრატიული პროცესები, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს იმ ფონზე, როდესაც თითქმის ნახევარი მოსახლეობა და არა მარტო ქართველი გამოძევებულია”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ 7 მარტს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის, ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთაც მკაცრად დაგმეს აფხაზეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.


აშშ-მ და ევროკავშირმა ცალ-ცალკე განცხადებებში ხაზი გაუსვეს, რომ ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ვერ იყენებენ თავიანთ უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე თავიანთ სახლებში იმ ”ეთნიკური წმენდის შემდეგ”, რასაც 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი შეიარაღული კონფლიქტის დროს ჰქონდა ადგილი.


”ეს არჩევნები კიდევ უფრო უსვამს ხაზს 200 000-ზე მეტი ადამიანის მდგომარეობას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად იქნა გამოძევებული”, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.


”ევროკავშირი მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ არჩევნები საქართველოს რეგიონში მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ჩატარებულად, თუ ყველა დევნილ და იძულებით გადაადგილებულ პირს მიეცემა უფლება უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე თავიანთ სახლებში”, – ნათქვამია 5 მარტს ევროკავშირის სახელით მისი გერმანული თავმჯდომარეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 5 მარტს განაცხადა, რომ ის ამ არჩევნებს  რაიმე მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგანაც ”ნატოს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, დასავლეთის რეაქცია მათთვის გასაკვირი არც ყოფილა.


”ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ამგვარი რეაქცია გვესმის დემოკრატიული სახელმწიფოებისგან. ის ფაქტი, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები უარყოფენ დემოკრატიულ პროცესს თავდაპირველად მოულოდნელი იყო ჩვენთვის, თუმცა ახლა ეს აღარ წარმოადგენს მოულოდნელობას და ჩვენ უბრალოდ მათზე რეაგირებას აღარ ვახდენთ… ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ჩვენი არჩევნების ჩატარებას მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციისა”, – იტყობინებოდა ”აფსნიპრესი” სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით 6 მარტს.

Exit mobile version