თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში უარს აცხადებს ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების განახლებაზე, სანამ კოდორის ხეობას არ დატოვებენ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება და ქართველი სამართალდამცავები, იუწყება 24 თებერვალს ”აფსნიპრესი”.
”ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებათა პროცესი შეჩერებულია არა აფხაზური მხარის გამო… ჩვენ არ დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან ქართულ მხარესთან მანამ, სანამ საქართველო არ შეასრულებს აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს უკანასკნელი რეზოლუციის მოთხოვნებს”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა 23 თებერვალს თავის ტელე-პრესკონფერენციაზე, რომელიც აფხაზეთის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
აფხაზეთის ლიდერმა მოლაპარაკებების განახლების კიდევ ერთ პირობად გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის უფროსის ფრიდონ ჩაკაბერიას და გალის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას გათავისუფლებას აყენებს, რომელთა გატაცებასაც აფხაზური მხარე ”ქართულ სპეცსამსახურებს” უკავშირებს.
ბაღაფშის თქმით, ქართული სპეცსამსახურები გალის რაიონის მოსახლეობას აშანტაჟებენ და აშინებენ, რათა მათ მონაწილეობა არ მიიღონ აფხაზეთში 4 მარტს დაგეგმილ ე.წ საპარლამენტო არჩევნებში.