პრეზიდენტი სასამართლო სისტემაზე საუბრობს

მიუხედავად იმისა, რომ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შედარებით სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა დაბალია, კორუფციის შემცირების ხარჯზე ნდობა სასამართლოს მიმართ ბოლო პერიოდში ბევრად გაიზარდა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 თებერვალს ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.


”40-მდე მოსამართლე დაკავებული იქნა, მათ შორის 25 ტელეკამერის წინ ქრთამის აღების ფაქტზე… ამაზე ბევრი ლაპარაკი იყო, რომ ეს ნიშნავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაში ჩარევას. თუ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა ნიშნავს ქრთამის აღების დამოუკიდებლობას, ჩემ დროს ეს არ მოხდება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, საქართველო მიიღებს საუკეთესო სასამართლო სისტემას და ამ მიზნით უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები: პრეზიდენტი და პროკურატურა აღარ არის წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტი აღარ ნიშნავს მოსამართლეებს, ასევე დაგეგმილია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება.


”ჩვენ მივმართეთ ასევე ევროკავშირს და იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყდება, რომ ჩვენ ჩამოვიყვანოთ ევროპელი მოსამართლეები, რომლებიც ჩვენ მოსამართლეებთან ერთად დასხდებიან და გადაწყვეტენ სამეწარმეო საქმეებს, რომ დაინერგოს სტანდარტი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


”თუ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა ნიშნავს მართლა ავტორიტეტული სასამართლოს შექმნას, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ყველა სხვა შტოსგან, მაგრამ იქნება დამოკიდებული კანონზე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გამოვიდეს”, – დასძინა მან.

Exit mobile version