გალის რაიონში ქართული გასამხედროებული ჯგუფი სახელწოდებით ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, როგორც იარაღი იმ ”ქართველ მოღალატეების” წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. სოხუმის განცხადებით, ეს ჯგუფი, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, გალის რაიონის უსაფრთხოებას ემუქრება და ხელს უშლის ნდობის აღდგენას კონფლიქტის მხარეებს შორის.
პირველად ჯგუფის საქმიანობა ყურადღების ცენტრში თვითგამოცხადებულ
აფხაზეთში 11 თებერვლის ადგილობრივი არჩევნების წინ მაშინ მოექცა, რაც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა მათი საქმიანობა გააშუქა. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია თვითგამოცხადებულ რეგიონში 4 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინაც გაგრძელდება.
23 თებერვალს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა განაცხადა, რომ ”პატრიოტებმა აფხაზეთისთვის” გალის რაიონში მცხოვრები იმ ქართველების 12 სახლი დაწვეს, რომელთაც აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ედებათ ბრალი. ამავე ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში რეიდები განახორციელეს სოფლებში ნაბაკევი, ოტობაია, ბარღები და ჩუბურხინჯი. თუმცა, ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურების მოპოვება შეუძლებელი გახდა.
აფხაზურმა წყაროებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ათობით სახლი დაიწვა. თუმცა საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, 23 თებერვალს სოფელ ბარღებში დაიწვა საქონლის სადგომი, რომელიც ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელს თემურ მორგოშიას ეკუთვნოდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, მანამდე მას ტელეფონით დაემუქრნენ, რომ შეეწყვიტა თანამშრომლობა აფხაზეთის ხელისუფლებასთან.
23 თებერვალს ”რუსთავი 2”-მა ”კურიერში” გაუშვა მოკლე ინტერვიუ უცნობ ნიღბიან პირთან, რომლის თქმითაც, ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს იმ პირების შევიწროებას, რომლებიც სეპარატისტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.
”მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მოსახლეობას არავითარი სურვილი არ გააჩნდა არჩევნებზე გამოსვლის, მაინც გამოერია მოღალატე ქართველები, რომლებიც ფინანსდებოდნენ აფხაზური და რუსული სამსახურების მიერ და რომლებიც აფხაზური შეიარაღებული ბანდფორმირებების წარმომადგენლებთან ერთად კარდაკარ დადიოდნენ და აიძულებდნენ მოსახლეობას გამოსულიყვნენ არჩევნებზე”, – განუცხადა ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” ერთ-ერთმა ნიღბიანმა აქტივისტმა ”რუსთავი 2”-ს.
”ყველამ იცოდეს, რომ არავის არ შერჩება სამშობლოს ღალატი. ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ შეგვწევს საკმარისი ძალა იმისა, რომ გავუსწორდეთ ნებისმიერ სამშობლოს მოღალატეს”, – დასძინა მან.
”რუსთავი 2”-ისვე ინფორმაციით, ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” ძირითადად დაკომპლექტებულია გალის რაიონის ადგილობრივი მაცხოვრებლებით, რომლებიც ცდილობენ დაუპირისპირდნენ გალის ქართველობის წინააღმდეგ წარმოებულ რეპრესიებს.
ჯგუფმა უკვე აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა გალის რაიონის ადგილობრივ მოსახლეობაში ანტისაარჩევნო პროკლამაციების გავრცელებაზე, ასევე სხვა არაძალადობრივ კამპანიებზე.
აფხაზური მხარე აცხადებს, რომ 3 თებერვალს გალის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას გატაცებაზე და 2006 წლის დეკემბერში ორი გავლენიანი აფხაზი სამართალდამცავის მკვლელობებზე პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ”სპეცსამსახურებმა” უნდა იკისრონ.
ოფიციალური თბილისი კატეგორიულად უარყოფს, რომ ”პატრიოტები აფხაზეთისთვის” ჯგუფის სახით შსს-ს სპეცრაზმი მოქმედებს.
”ამ ჯგუფის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია… ქართულ სახელმწიფოს არავითარი კავშირი არ აქვს ნიღბიან ადამიანებთან”, – განუცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ 23 თებერვალს ”სივილ ჯორჯიას”.
აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ გალის რაიონში ორი გასამხედროებული ჯგუფი – პარტიზანული მოძრაობები ”ტყის ძმები” და ”თეთრი ლეგიონი” მოქმედებდა. თუმცა, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ ორივე მათგანი 2004 წლის თებერვალში დაშალა. ამ გადაწყვეტილებას სოხუმი მიესალმა, როგორც ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯს.