ბეჟუაშვილი: რუსეთის განცხადება აფხაზეთის არჩევნებზე ”ამორალურია”

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების ”დემოკრატიულად” შეფასება ”ცინიკური და ამორალურია”, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 15 თებერვალს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 თებერვალს განაცხადა, რომ აფხაზეთში 11 თებერვალს გამართული არჩევნები ”ძირითადად შეესაბამებოდა საერთაშორისო საარჩევნო და დემოკრატიულ სტანდარტებს”.


”სიმართლე რომ გითხრათ, არ მიკვირს რუსეთის ასეთი შეფასება… თქვენთვის ცნობილია ჩემი ადრინდელი განცხადებები, რომ მორალის თვალსაზრისით ჩვენ  გვაქვს შეუთავსებლობა რუსეთის ხელისუფლებასთან. ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რომ არ შეიძლება ასეთი ცინიკური განცხადებების გაკეთება მაშინ, როდესაც სწორედ ამ რეჟიმმა, რომელიც მოინათლა ”დემოკრატიის” მატარებლად, ეთნიკური წმენდების საშუალებით აიძულა მკვიდრი მოსახლეობა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და ეს არის სამასი ათასი დევნილი ქართველი, უკრაინელი, ესტონელი, ბერძენი, რუსი. ეს არის რეჟიმი, რომელიც მშობლიურ ენაზე სწავლას უკრძალავს ბავშვებს”, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა პრესკონფერენციაზე.


”დემოკრატიულობის რა პრინციპებსა და ტენდენციებზეა საუბარი?!  ეს არის ჩემი პასუხი რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარზე”, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version