გაერო ჟენევის ”კონსტრუქციულ” შეხვედრაზე საუბრობს

ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ”კონსტრუქციული პოზიციები დააფიქსირეს” გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფთან 12-13 თებერვალს ჟენევაში გამართული შეხვედრის დროს, ნათქვამია საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის განცხადებაში. 


შეხვედრაზე, რომელიც მეგობართა (გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი) ჯგუფის ეგიდით გაიმართა, ხაზი გაესვა იმის საჭიროებას, რომ მხარეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ზემო კოდორის ხეობაში.


”მათ [მეგობართა ჯგუფმა] დააფიქსირეს იმ ქმედებებისგან თავის შეკავების აუცილებლობა, რომლებიც შეაფერხებს პროგრესს და ძირს გამოუთხრის ნდობას და მოუწოდეს მხარეებს გაითვალისწინონ ერთმანეთის მგრძობიარე მხარეები და ითანამშრომლონ დაძაბულობის შერბილების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.


”აღიარეს რა პროგრესი უშიშროების საბჭოს [2006 წლის] 1716 რეზოლუციის განხორციელების კუთხით, გაერომ და მეგობართა ჯგუფმა გამოხატეს მხარდაჭერა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების მიმართ, უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.


მეგობართა ჯგუფმა კიდევ ერთხელ აღიარა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში და ”პირველ რიგში, გალში” დაბრუნების უფლება.  


ჟენევის მოლაპარაკებების დროს საქართველოს დელეგაციას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთის დელეგაციას კი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version