გაზეთი Georgian Times-ი ”უმდიდრეს ქართველთა” სიას აქვეყნებს

ქართულენოვანმა გაზეთმა Georgian Times-მა 15 თებერვალს ”უმდიდრეს ქართველთა” სია გამოაქვეყნა, რომელშიც პირველი ადგილი ბადრი პატარკაციშვილს უკავია 12 მილიარდი აშშ დოლარით. სიაში ასევე შედიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 250 მილიონი აშშ დოლარით და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 75 მილიონი აშშ დოლარით.


სიაში სულ 81 ადამიანი შევიდა. მათ შორის, გაზეთის ცნობით, არიან საზღვარგარეთ მომუშავე, წარმოშობით ქართველი ბიზნესმენები.


გაზეთში არ არის მოცემული ის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც მოხდა სიის შედგენა.


გაზეთის ცნობით, სია ეფუძნება ფინანსური კაპიტალის იმ ოდენობას, რომელსაც ფლობენ ეს პიროვნებები, ასევე ”დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ცნობილი ბიზნესმენების მიერ მოწოდებულ მონაცემებს”, რომელთაც გვარების გამხელა არ ისურვეს. გაზეთი ასევე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ”უმნიშვნელო უზუსტობები და ხარვეზები”, რადგანაც ამგვარი სია პირველად ქვეყნდება, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ბევრ ქართველს საკუთარი კაპიტალი გამჭირვალედ არ აქვს დაფიქსირებული. რაიმე სხვა დეტალი სიის შედგენის თაობაზე წარმოდგენილი არ არის.


სიაში მეორე ადგილი ბიძინა ივანიშვილს უკავია 8 მილიარდი აშშ დოლარით. 2006 წლის მსოფლიოს უმდიდრეს ხალხთა სიაში Forbes-მა ივანიშვილის ქონება  3,9 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა.


გაზეთ Georgian Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ასევე შედის აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე 1 მილიარდი აშშ დოლარით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version