რუსეთი თბილისი-ბაქო-ანკარის დეკლარაციაზე საუბრობს

რუსეთი ყურადღებით დააკვირდება 7 თებერვალს თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რეგიონული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკულ განხორციელებას და აცხადებს, რომ ღიაა ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობისთვის.


”მნიშვნელოვანია, რომ  მისმა პრაქტიკულმა რეალიზაციამ ხელი შეუწყოს რეგიონის ყველა ქვეყნის, გამონაკლისის გარეშე, მრავალმხრივი კავშირების განვითარებას, ამ გზაზე არსებული ყველა ბარიერის და გამყოფი ხაზების გადალახვას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 თებერვლის კომენტარში.


რეგიონალური თანამშრომლობის საერთო ხედვის თბილისის დეკლარაცია, რომელსაც ხელი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა და ასევე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა მოაწერეს, ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტების, მათ შორის ნავთობსადენის, გაზსადენისა და სარკინიგზო პროექტების განხორციელებით, სამი ქვეყანა ”გრძელვადიან და პროგნოზირებად” ურთიერთობებს იწყებს და ასევე სთავაზობს მეზობელ ქვეყნებს შეუერთდნენ ინიციატივას, რომლის გარეთაც ჯერ-ჯერობით სომხეთი რჩება.


”ჩვენის მხრივ, რუსეთი ყოველთვის ღიაა ურთიერთხელსაყრელი და გამჭვირვალე თანამშრომლობის ნებისმიერი ფორმისთვის, კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით”, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version