ოპოზიცია ეჭვობს, რომ მთავრობა დეპორტირებულთა საქმეებზე სარჩელს სტრასბურგში არ შეიტანს

რუსეთიდან დეპორტირებულთა საკითხების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გია ცაგარეიშვილმა და გია თორთლაძემ განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია და არ აპირებს დეპორტირებულთა საქმეებზე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.


ოპოზიციონერი დეპუტატების ეს განცხადება განაპირობა გაზეთ ”რეზონანსში” საქართველოს იუსტიციის მინისტრის გია ქავთარაძის გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში პოლიტიკური გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში შევა.


”სარჩელი მას შემდეგ გაიგზავნება, რაც ასი პროცენტით ვიქნებით დარწმუნებული, რომ საქმეს მოვიგებთ. ხელთ გვაქვს ქსენოფობიის ბევრი ფაქტი, თუმცა ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს მტკიცებულებას”, – აცხადებს ”რეზონანსი”6 თებერვალს გია ქავთარაძის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, სარჩელი სამინისტროს მზად აქვს და ამჟამად, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება მიმდინარეობს. 


”ეს არის აბსოლუტურად ბუნდოვანი განცხადება და გაუგებარი სტრატეგია ჩვენი მოქალაქეების მიმართ”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია თორთლაძემ. 


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გია ქავთარაძის პარლამენტში მისვლა და კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემა მოითხოვეს.


საპარლამენტო კომისიის მონაცემებით, რუსეთიდან ოქტომბრის შემდეგ 3 000 ეთნიკური ქართველი იქნა ”უკანონოდ” დეპორტირებული.

Exit mobile version